logo
ENG



იუსოვის ცნობით, უკრაინამ რუსეთში ბელგოროდზე თავდასხმის შედეგად "ღირებული ინფორმაცია" მოიპოვა

28 მაი 202316:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/28/jqgdwzav32kkose.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ანდრიი იუსოვის თქმით, უკრაინამ რუსეთის ბელგოროდის რეგიონზე თავდასხმის შედეგად "ღირებული ინფორმაცია" მოიპოვა.

"ბელგოროდში ოპერაციის შედეგად, უკრაინის ჯარის დაზვერვისთვის ღირებული ინფორმაცია შეგროვდა, რომელსაც ცხადი მიზეზების გამო არ გავასაჯაროებთ" - თქვა იუსოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ თავდასხმის მიზანი "პუტინის ძალაუფლების აპარატის ამოწურვის" დაჩქარება და ასევე "რუსეთის შიდა თავდასხმებთან მიმართებით სისუსტეების" აღმოჩენა იყო.

27 მაისს სასაზღვრო დაცვის ძალების დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საბრძოლო ზონასთან საზღვრების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ცალკე და ძალიან მნიშვნელოვანნი მისიაა, საიმედოდ დავიცვათ საზღვრები საბრძოლო ზონის უშუალო სიახლოვეს" - განაცხადა პუტინმა.

ბელგოროდის რეგიონში ვითარება 21 მაისს, გვიან ღამით დაიძაბა. ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ "უკრაინელი დივერსანტები" ცდილობდნენ ბელგოროდის ოლქში შეღწევას - მოგვიანებით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათი საკონტროლო გამშვები პუნქტი სახელწოდებით გრაივორონი, რომელიც ბელგოროდის ოლქში მდებარეობს, ალყაში მოაქციეს.

ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია". პესკოვი ამბობს, რომ "უკრაინის დივერსიის მიზანი ბახმუტის მიმართულებით არსებული სიტუაციიდან ყურადღების გადატანაა".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდის ოლქში შეჭრილი დივერსანტები გაანადგურეს. უწყებაში აცხადებდნენ, რომ 70 "უკრაინელი ნაციონალისტი" მოკლეს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ "უკრაინა პირდაპირ არ არის დაკავშირებული ბელგოროდის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან".

27 მაისს, რუსეთის ხელისუფლება და მედია აცხადებდა, რომ უკრაინა დრონებით თავს დაესხა რუსეთის შუაგულში მდებარე, მათ შორის დრუჟბას ნავთობსადენებს.

გამოცემა Kommersant-ის ცნობით, მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით ტვერის რეგიონში ორი თავდასხმა მოხდა იმ სადგურზე, რომელიც დრუჟბას, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობსადენს, ემსახურება.

ტვერის საკრებულომ განაცხადა, რომ დრონი ჩამოვარდა სოფელი ეროხინოს სიახლოვეს, უკრაინის საზღვართან.

რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა კი განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმას სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

 

close დახურვა